გონების განხლამვა – Brain Dump

მათთვის, ვინც იმდენად ჩაიძირა გაუკეთებელ საქმეებში, რომ სასო აქვს წარკვეთილი, და მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ “მაინც ვერასოდეს ვერაფერს მოაბამს თავს”, ვისაც უნდა, ცოტა ხანი მაინც ამოისუნთქოს და იგრძნოს სიმშვიდე და კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, ცოოოტა ხნით მაინც, ახლა გიზიარებთ ჩემს უსაყვარლეს მეთოდს, პირველ ნაბიჯს, რომელიც თუნდაც სხვა მეტი ნაბიჯები აღარ გადადგათ, მაინც დაგეხმარებათ შფოთვებთან გამკლავრებაში.

ტაიმ მენეჯმენტის და პროდუქტიულობის მამას, დევიდ ალენს (Getting things done), ყვეეეელაფრის დასაწყისში, პირველ ეტაპად აქვს ე.წ. “Brain dump”. ანუ იმისათვის, რომ რაღაცების დალაგება და დაგეგმვა დაიწყო, ჯერ თავიდან უნდა “გამოყარო” ყველაფერი, რაც შენს ყურადღებას იკავებს. სხვადასხვა სახელებით მოიხსენიება ეს პროცესი: Mind sweep, Ram dump და ა.შ., იდეა ყველაფრის ერთია: ტვინის “გამოგვა”, მენტალური “უბორკა”.

ტვინში ადგილს გახსნილი ტაბებივით ყველაფერი იკავებს: ბავშვს ახალი შარვალი აქვს საყიდი და პროექტის დედლაინია ხვალ და ჭურჭლის სარეცხი სითხე თავდება და ზეგ დედას დაბადების დღეა და ნეტა ფოტოშოპი მესწავლა და დუოლინგვო უნდა გადმოვწერო და ლიფტის ფული შევუტანო პირველი სართულის მეზობელს – ეს წვრილმან-მსხვილმანი ქლათერს ჰქმნის თავში და ამიტომ ხანდახან ძნელიც ხდება პრიორიტეტულ საკითხებზე ფოკუსირება და შფოთვებთან გამკლავრება. იმიტომ, რომ “ააამდენი საააქმეა”, მაგრამ ზუსტად რამდენია, არავინ უწყის.

ამ პროცესის დასალაგებლად მართლა, აი ვერც კი გავუსვამ ხაზს რამდენად მნიშვნელოვანია ხანდახან ჩვენი ტვინების განხლამვა: როგორც ფიზიკური ან ციფრული, ასევე მენტალური სფეისისაც.

ბრეინ დამფს ვაკეთებ ხოლმე მაშინ, როცა უსასოოდ ვარ და თავს დაკარგულად ვგრძნობ, ან როცა შფოთვები შემომიტევს განსაკუთრებით ძლიერად, რომ რაღაც მავიწყდება და ყველაფერი ჩამომენგრევა თავზე, ასევე მაშინ, როცა მგონია, რომ რაღაც მნიშვნელოვანს არ ვაკეთებ ან რომ არაფრად არ ვღირვარ საერთოდ.

ამისთვის ვბეჭდავ ან ტელეფონში ვხსნი “incompletion trigger list”-ს, რომელიც ასევე დევიდ ალენის რესურსიდანაა, ვთიშავ გარესამყაროს, რომ არ შემაწყვეტინონ ეს საკრალური პროცესი, ვრთავ მუსიკას.  ჯერ ისე ვიხსენებ ყველაფერს, რაც გასაკეთებელი მაქვს ან ოდესმე მინდოდა გამეკეთებინა, და ვიწერ ფურცელზე. მერე გადავდივარ ტრიგერ ლისტზე და იქიდან ვცდილობ გავიხსენო ყველა დეტალი, რაც შეიძლება მენტალურ სივრცეს იკავებდეს: ონკანი წვეთავს, დიდი ხანია არ მიმიწერია ძველი მეგობრისთვის, რეპორტი დასაწერია, ლინკდინი დასასუფთავებელი და ა.შ.

ამ პროცესის დროს ცენზურა არ მოსულა, საკუთარ თავთან ვაჭრობაც არ მოსულა. ყველაფერი, რაც გახსენდებათ, უნდა ჩამოიწეროს აცაბაცა და დაულაგებლად და დახარისხებაზე მერე ვზრუნავთ.

დაახლოებით 4-5 თაბახის ფურცელს ვავსებ ხოლმე, და საშუალოდ წელიწადში ორ-სამჯერ მიდგება დამფის მწვავე საჭიროება.

დასრულებისთანავე, თუნდაც მერე აღარაფერი გააკეთოთ და დახიოთ ეს ფურცლები, უკვე სიმშვიდე დგება. თუმცა ჩემს შემდეგ ეტაპებსაც გაგიზიარებთ. ამ ფურცელზე გადატანილ ყველანაირ ხლამს ვახარისხებ, თითოეულ ჩანაწერს: ზოგს ვშლი და მეცინება, ზოგს მაშინვე ვაგვარებ (“ადგილი შევუცვალო ყვავილს” :დ), ზოგს დედლაინს ვუთითებ (“საფრანგეთის ბილეთების ყიდვა” – 30 აპრილამდე), ზოგს კი, გულზე ხელს ვიდებ, და ვაღიარებ, რომ სჯობს სხვამ გააკეთოს და ვადელეგირებ (პროფესიულშიც და პირადშიც).

აქ გიზიარებთ ამოსაბეჭდ ტრიგერ ლისტს, რა შეიძლება იკავებდეს გონებას:

https://gettingthingsdone.com/wp-content/uploads/2014/10/Mind_Sweep_Trigger_List.pdf

აქვე რამდენიმე ლინკი, დამატებით საკითხავად:
https://orgcoach.net/wp-content/uploads/2016/08/RAMDump.pdf?fbclid=IwAR3Mm4P3bHvLXbHxUFv0xECCCOhsjCZu6ZHwRQpK00nL45sO14QNol06u8Y

https://stationerynerd.com/braindump/?fbclid=IwAR1UJcBwzw_dlBFyIzBCsrQmmQrB3ff6AGh8b-aiKsT-3s-JAnU9zgZ3BvU

რა ვჭამოთ? – სადილების Cheat Sheet

თუ რაღაცას ხშირად ეძებ და ვერ პოულობ, სხვა რა გზა რჩება – შენით უნდა გააკეთო. თან იმის დიდი შანსიც არის, რომ სხვებიც არიან შენნაირები, ისინიც ეძებენ და ისინიც ვერ პოულობენ.

ის, რასაც ხშირად ვეძებდი, არის “რა გავაკეთო სადილად.” ოღონდ რაღაცა ფოეფოე კერძები კი არ მინდოდა?! უბრალოდ, სულ მაინტერესებდა, რა ხდება ჩვეულებრივი ოჯახების სამზარეულოებში, რას ჭამენ ყველაზე ხშირად, რა საოჯახო მენიუ აქვთ.

ამისი ჩამონათვალი და რესურსი არ არსებობს. ვერც იარსებებს, იმდენად ინდივიდუალურია ყველა ოჯახისთვის, მაგრამ მაინც, სასარგებლოა, როცა რაღაც ჩონჩხი გაქვს და მერე იმას შენებურ ხორცებს ასხამ.

აქ გიზიარებთ იმ კერძების სიას, რომლებსაც ხშირად ვამზადებ. ამ სიას კვირის მენიუს დაგეგმვის დროს ვიყენებ ხოლმე, რომ გამახსენდეს, რა შესაძლებლობებია და “რამდენი ხანია ეს არ გვიჭამია.” როცა რამე ახალ რეცეპტს ვტესტავ და წარმატებული გამოდის, ოჯახიც დამატებას ითხოვს – ისიც ჯდება ხოლმე როტაციაში. იმას, როგორ ვგეგმავ ხოლმე კვირის მენიუს (და როგორ ვახორციელებ), როგორღაც მერე მოგიყვებით.

ამ სიას ხშირად ვუზიარებ ხოლმე ჩემს მეგობრებს, რომლებიც წუწუნებენ, რომ არ აფიქრდებათ, რა გააკეთონ სადილად. გადავწყვიტე, რომ გავასაჯაროო და გიზიარებთ ყველას. სხვის ჩონჩხ სიაზე საკუთარის დაშენება უფრო ადვილია და იქნებ შთაგონება გეწვიოთ, დაამატოთ და ამოაკლოთ კერძები და თქვენი ოჯახური მენიუების დასაგეგმი Cheat Sheet/შპარგალკაც შექმნათ.

FOOD IDEAS

ფარში:
– კატლეტი
– გუფთა
– პასტა ბოლონეზე
– ლაზანია ბოლონეზე
– ტოლმა
– ბურგერი
– ბადრიჯნის ნავი
🍴
ქათამი:
– ბულიონი (ფრთები, ძვლები)
– ჩახოხბილი (ბარკალი, ბარკლისძირები)
– აზიურად (ფილე)
– შემწვარი (ბარკალი, ბარკლისძირები, ფილე)
– ჰავაი სალათი (ანანასით)
– შქმერული
– ფახიტასი
– ფრთები

🍴

ღორის ხორცი:
– მწვადი
– ოჯახური
– კარეიკა გრილზე
🍴
ძროხის/ხბოს ხორცი:
– ხბოს წვნიანი
– ოსტრი
– ბეფსტროგანოვი
– ბორში
– სტეიკი (ბლაუენშტაინის)
– ჩაქაფული
– ხარჩო
– ნეკნები შებოლილი, მოხარშული კარტოფილით (ვაკის სოსისების)
–  Stew
🍴
თევზი:
– კალმახი შემწვარი (ტაფაზე პირდაპირ ან ღუმელში ფოლგაში სუნელებით)
– ორაგულის უხა
– ორაგულის სტეიკი
– შებოლილი ორაგულის კრეპ-როლები
– ტუნას სალათა
– ქაშაყი კარტოფილით
– ზღვის პროდუქტების კოქტეილის წვნიანი
– ლოქო ქინძმარში
– შებოლილი სკუმბრია + კარტოფილი
– ჭიჭყინები + კარტოფილი
🍴
ბოსტნეული/სოკო/beans/random:
– ოსპის წვნიანი
– გოგრის სუპი
– სოკო კარამელიზებული ხახვით
– სოკოს კრემსუპი
– ხის სოკოს ჩაქაფული
– ხის სოკო შემწვარი
– უბრალო, ბოსტნეულის სუპი
– ბარდის წვნიანი
– პილმენის სუპი
– ისპანახის კრემსუპი
– ტომატის კრემსუპი
– რიზოტო
– ფლავი
– კარბონარა
– პასტა პამიდვრის სოუსით
– უხორცო ბორში
– აჯაფსანდალი
– რაგუ
– ბერძნული
– ბრუსკეტა
– ბადრიჯანი ნიგვზით
– ბადრიჯანი გამომცხვარი
– ყაბაყის სალათა
– მწვანე ლობიო
– პიცა
– გამომცხვარი კარტოფილი
– მექსიკური კარტოფილი
– ომლეტი
– ყიყლიყო
– გოგრის სუპი
– ზუდლსი
– ყვავილოვანი ნივრიან მაიოში
– ბრინჯი ბოსტნეულით
– Black bean burger
– კიტრი-პამიდორი ნიგვზიანი
– Deviled eggs
– ნივრიანი კარაქი
– ახალი კარტოფილი კამით
 🍴
დესერტები:
– სტაფილოს ნამცხვარი
– ფენქეიქები
– კრეპები
– ვაშლის შარლოტკა
– ქოქოსის კექსი
– ფორთოხლის კექსი
– მაფინი
– ქუქიები
– გოგრა გამომცხვარი
– ტკბილი ფლავი

რა მაიძულებს ვწერო

 

2016 წლის უკვე შესრულებულ და ჯერ საერთოდ შეუსრულებელ სხვადასხვა გეგმასთან ერთად, “შემოქმედებითი წერაც” მაქვს (Creative writing).

ცუდად გამომდის თუ კარგად, ეგ სხვა საკითხია, მე მინდა, რომ უფრო ვავარჯიშებდე ჩემს ფანტაზიას და წერის უნარს. თუმცა ძალიან მიჭირს, რომ გამოვნახო ამისთვის დრო და, დროზე უფრო მეტად, მიჭირს დავჯდე და დავიწყო. და მერე დავამთავრო ისე, რომ პარალელურად არ გავხსნა მილიონი ტაბი ვითომ დასარესერჩებლად, ვითომ ახალი იდეის მეგობართან დასატესტად, ბარემ ამ მეილსაც ვუპასუხებ, ბარემ ფეისბუქსაც დავხედავ და მორჩა, დაღამდა, ძილის დროა. შემოქმედებით წერაში კი დედლაინები არ მაქვს, რომლის შიშით მაინც გავაკეთებდი რამეს.

ხშირად ვტესტავ სხვადასხვა ბლოკერებს. ამ ეტაპზე მომწონს “Cold Turkey Writer”. მუშაობს ვინდოუსზეც და მაკზეც, არაფერს აშავებს, უფასოა, პრო ვერსიაც არსებობს, მაგრამ  უფასო ვერსიაც აკეთებს თავის საქმეს. პატარა პროგრამა ეშვება, რომელიც ბლოკავს აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა სუფთა ფურცლისა, სადაც უნდა დაიწყო წერა.

screen-shot-2016-11-01-at-5-36-11-pm
ბლოკის ხანგრძლივობას თავიდანვე ვაყენებ ან წუთობრივად (15 წუთი, 20 წუთი, 30 წუთი) ან, უფრო ხშირად, დასაწერი სიტყვების მიხედვით (1000 სიტყვა). როგორც კი დასრულდება დრო ან დავწერ სიტყვების დათქმულ რაოდენობას, უკვე შემიძლია გავიდე პროგრამიდან და სასწრაფოდ ვნახო, რა მნიშვნელოვანი ამბები მოხდა, სანამ არ ვიყავი ხაზზე!

პროგრამის გათიშვის გზები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგალითად კომპიუტერის დარესტარტება, მაგრამ ამდენზე უკვე ნამუსი აღარ მიშვებს ხოლმე.

აი ეს მაიძულებს ვწერო. არა დიდი სევდა ან დაგროვილი ემოციები ან რაიმე მნიშვნელოვანის გაზიარების მწველი სურვილი ან უსაზღვრო ნიჭი, რომელიც ჩემშია ჩაბუდებული და ამოხეთქვას ლამობს. არამედ პროგრამა, რომელიც მითიშავს ყველა სხვა გზას.