2 Minute Rule

დევიდ ალენის Getting Things Done დროის მენეჯმენტის სამყაროში ფაქტიურად ბიბლიაა. მაშინაც კი ეფექტურია, თუ მთლიანად არ გადახვალ მის სისტემაზე, მხოლოდ რაღაც ნაწილებს ამოიღებ და გამოიყენებ. ოღონდ ერთადერთი თხოვნა მექნება, პალიტრას მიერ ქართულად ნათარგმნს ნუ წაიკითხავთ და ამით ნუ იმსჯელებთ დევიდ ალენზე. პრინციპში, ნურც ნურავისზე იმსჯელებთ პალიტრას ნათარგმნი წიგნით.

ერთი უმარტივესი წესი, რომელიც დევიდ ალენისგან ვისწავლე, “2 წუთის წესია”. რამდენადაც მარტივია, იმდენად ეფექტურია, ამიტომ აუცილებლად სცადეთ დანერგვა.

2%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%942 წუთის წესი: ის საქმეები, რის შესრულებასაც 2 წუთზე ნაკლები სჭირდება, შეასრულეთ მაშინვე, არ ჩაწეროთ თუდულისთში.

რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც: თუ საქმე კონკრეტულ დროს უნდა შესრულდეს (მაგ., შუადღის 3 საათზე უნდა დავურეკო ექიმს), მაინც თუდულისტში/რიმაინდერში ხვდება. რეალურად, საქმე საქმეზე რომ მიდგება, უამრავი რამ ჩემი უგრძელესი თუდულისტიდან 2 წუთზე ნაკლებში სრულდება: მეილზე პასუხი (თუ არ სჭირდება დამატებითი ინფორმაციის მოძიება), სადაზღვევოში დარეკვა, ყვავილების მორწყვა, კომუნალურების გადახდა, ბლოგზე თაგების გასწორება და ა.შ. მათი თუდულისტში ჩაწერა, მერე მიბრუნება, გახსენება, რა მინდოდა, გაკეთება და გაკეთებულად მონიშვნა მეტ დროს ნთქავს, ვიდრე უცებ მოშორება.

ხანდახან, როდესაც მივუშვებ ხოლმე თავს და ამ წესს არ ვიცავ, დღის ბოლოს უფრო გრძელი თუდულისტი მიგროვდება, ვიდრე დღის დასაწყისში მქონდა. შიგადაშიგ მსგავს ფეხის ასრიალებებს თუ არ ჩავთვლით, ამ 2 წუთის წესმა ჩემს ცხოვრებაში მოსალოდნელზე ბევრად დიდი ცვლილებები მოახდინა პროდუქტიულობის თვალსაზრისით.

ბევრი კარგი რამ შეიძლება მოასწრო 2 წუთში. მაგალითად, ეს პოსტიც 2 წუთზე ნაკლებში იკითხება.

Advertisements

Fail Fast

ერთხელ გოგონა მომიახლოვდა, მადლობა უნდა გითხრაო, შენს ვორკშოპზე გაგონილმა ფრაზამ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ შეცვალაო. ეს უსაყვარლესი, ლამაზი და ჭკვიანი გოგო რამდენიმე კვირის წინ სოციალური მედიის შესახებ ვორკშოპზე გავიცანი.

სასწაულად გამიხარდა. ბევრი ტრენინგი და ვორკშოპი ჩამიტარებია, ვიცი, რომ სადღაც რაღაცაში ადგებათ ხოლმე ჩემგან გაგონილი ინფორმაცია, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გაიგებ, კონკრეტულად რა ხეირი მოუტანე სამყაროს. იმ ვორკშოფზე  ახლადშექმნილ ორგანიზაციას ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისას ონლაინ სივრცის ათვისებაზე ვესაუბრებოდი.

თუმცა მის პასუხში არაფერი აღმოჩნდა სოციალურ მედიასთან ან ადვოკატირებასთან კავშირში.

Fail Fast –  აი ეს ფრაზა ვახსენე ვორკშოპზე. იმის აღსანიშნავად, რომ მნიშვნელოვანია, მალევე გავიაზროთ, როცა რაიმე კამპანია ან აქცია ან მიმართულება არ მუშაობს და იმის ნაცვლად, რომ გადავაკვდეთ და ტყუილად გავფლანგოთ რესურსი, სასწრაფოდ უნდა დავფეილდეთ და ახალი დავიწყოთ ან მიმართულება შევუცვალოთ-მეთქი. და ამ ფრაზამ  თურმე ამ გოგოს შეყვარებულთან დაშორება გადააწყვეტინა. და ამისთვის გადამიხადა მადლობა.

შეიძლება სოციალურ მედიაში დიდი ვერაფერი ვასწავლე, მაგრამ მაინც სასარგებლო საქმედ ჩავითვლი 🙂

Fail Fast – ჩემს ყველაზე საყვარელ ფრაზებს შორის პირველ ადგილზეა. ყველაფერს მიესადაგება და დროისა და რესურსების მენეჯმენტის ერთერთ ოქროს წესად ამოვტვიფრავდი: იმისათვის, რომ დრო დაზოგო, უნდა შეგეძლოს სწრაფად დაცემა, და სწრაფადვე წამოდგომა ფეხზე.

Fail Fast ისაა, რისი მუდმივი შეხსენებაც მჭირდება, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე საკმაოდ დიდი ფეილის მერე უზარმაზარი სარეაბილიტაციო პერიოდი დამჭირდა იმისათვის, რომ მეორედ ისევ მეცადა რამე. ჩემს “ცოდვებში” ასევე გადის უკვე დაფეილებულ პროექტებზე უამრავი საათის ამაო ხარჯვა, მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვაღიარო ხოლმე ყველაზე მტკივნეული რამ: ის, რომ დავფეილდი.

%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9a

როგორ დავღუპოთ ბავშვი: ყოფილი ნიჭიერი-მაგრამ-ზარმაცის აღსარება

ახლა არ ვარ დარწმუნებული, რა ხდება სკოლებში, თუმცა საბჭოთა აღზრდიდან მოსწავლეების ორი ტიპი მახსოვს: “ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები” და ყველა დანარჩენი, რომელსაც ამ პოსტის ფარგლებში “მშრომელებს” დავარქმევ.

მე და ბევრი თქვენგანიც “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის” საპატიო იარლიყს ვატარებდით. “საპატიო” ალბათ უფრო ბრჭყალებშია ჩასასმელი, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ცოტა სიამაყით უსვამს ამას ხაზს და მასწავლებელიც ოდნავ ღიმილით გადააქნევს თავს  მორიგ გაუმზადებელ დავალებაზე, თუმცა სემესტრის ბოლოს მაინც დაწერს კარგ ნიშანს. რატომ? იმიტომ, რომ სემესტრის მანძილზე მხოლოდ ერთხელ არის საჭირო მოინდომოს ამ “ნიჭიერმა, მაგრამ ზარმაცმა” იმისათვის, რომ  მასწავლებლისთვის კარგი შედეგი დადოს: თემა დაწეროს, გამოცდა ჩააბაროს, კარგი პრეზენტაცია გააკეთოს, ოლიმპიადაზე გაიმარჯვოს, რომელიც  სახელს გაუთქვამს სკოლას, მიიღებს პრიზს და ამით ის ავტომატურად დგება ყველა მშრომელზე მაღლა.

მშრომელებს კი სკოლაში, სადაც ერთჯერადი გამონათებები უფრო მეტად ფასობს, ასე არ უმართლებთ. ისინი კონსისტენტურები არიან, ყოველ დღე მეცადინეობენ, ყველა საკონტროლოს წერენ და მუდამ მზად აქვთ დავალება, თუმცა არასდროს ხდებიან პრიზის მფლობელები. ნმზ-ებისგან განსხვავებით, მათ იშვიათად პატიობენ იმას, რომ არ მოამზადეს დავალება და მიუხედავად იმისა, რომ ამდენს შრომობენ, “ზუბრიაჩკას” ტიტულს არ სცდება მათი შექება.

სკოლა მთავრდება, უნივერსიტეტშიც დაახლოებით იგივე სისტემაა. მხოლოდ ერთხელ არის საჭირო თავი დაამახსოვრო ნმზ-მ ლექტორს იმისათვის, რომ მერე ინერციით გაგყვეს კარგი შეფასებები. “საერთოდ არ მიმეცადინია, გუშინ გადავხედე მარტო” – შევიდეს გამოცდაზე და აუცილებლად მიიღოს გამსვლელი ქულა.

და მერე დგება დრო, როდესაც რეალობა გიტყაპუნებს სახეში. როცა ამ შენს ერთჯერად ნიჭიერებას იმხელა მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენადაც უნარს, ბევრი იმუშავო.

თქვენი არ ვიცი და მე ყოველდღე მწარედ მიტყაპუნებს სახეში ის შედეგები, რომლებიც ჩემთვის “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის” ცხოვრების წესიდან წამოვიდა.

ისინი, ვინც “ნიჭიერებით” ჩამოგვრჩებოდნენ, მაგრამ ბევრს შრომობდნენ, დღეს ნმზ-ებზე წინ არიან კარიერულ კიბეებზეც და პიროვნული განვითარების თვალსაზრისითაც იმიტომ, რომ მათ აქვთ ყველაზე ძლიერი იარაღი: კონცენტრაციის და ბევრი მუშაობის უნარი.

“ნმზ”-ები არ ვართ მიჩვეული ბევრ მუშაობას და კონსისტენტურობას. იმის გამო, რომ ერთჯერადი ნიჭიერობის გამო ბევრი რამე გვეპატიებოდა და ბევრი ნიშანი “მუქთად” გვეწერებოდა, ვერ გამოვიმუშავეთ ის მნიშვნელოვანი უნარი, როგორიცაა, მაგალითად, რამდენიმე საათი გულდასმით, გადაბმულად მუშაობა და არა ერთი ან ორი დღით, არამედ ყოველ დღე ან კვირაში 5 დღის მანძილზე მაინც. ნმზ-ებს შეგვიძლია ერთჯერადად კონცენტრაცია და დედლაინის წინა ღამის გათენება, თუმცა ყოველდღიური  პატარ-პატარა კონცენტრაცია დედლაინამდე 1 თვით ადრე, რომელიც ღამის გათენებას თავიდან აგვარიდებდა, გვიჭირს.

პარალელურად გადის წლები და მალევე აღმოჩნდება, რომ არც ისეთი ნიჭიერები ვართ, რამდენადაც ზარმაცები და აღარც აბალანსებს ეს პლიუს-მინუსი ერთმანეთს. მართლა საოცრად ნიჭიერი ადამიანი ასი ათასში ერთია, რომელსაც შეუძლია არ იზრუნოს ამ ყველაფერზე, მაგრამ მე მაგალითად საერთოდ არ განვეკუთვნები გენიოსთა კატეგორიას და ესპანურს ვერ ვსწავლობ მხოლოდ რამდენიმე საღამოს მეცადინეობით (აქვე, ესპანურის და ბევრი სხვა ენის ნამცეც-ნამცეც სასწავლად ძალიან კარგი  მობილური და ვებ აპლიკაციაა Duolinguo, თუ ვინმე ოცნებობდით რაიმე ენის ცოდნაზე, დღეში 10 წუთიც საქმეა, ცოტა ხანში წაკითხულიდან და მოსმენილიდან შინაარსის გამოტანას შეძლებთ). 

ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ პრაქტიკულად ახლიდან მიწევს დოდის აღზრდა. თან ამას პარალელურად ჩემი 7 წლის შვილის აღზრდას ვუთავსებ, რომელიც თავისი ასაკისთვის მართლა ნიჭიერია, თუმცა ვიცი, რომ მას ცხოვრებაში ეს ხელს უფრო შეუშლის, ვიდრე დაეხმარება.

hard-worker

ლეიბლები

“შეძახილმა ხე გაახმოო” – მიყვარს ეს გამოთქმა. გულწრფელად მჯერა, რომ თუ დიდხანს უძახებ ადამიანს, რომ მატყუარაა, აუცილებლად დაიწყებს ტყუილებს, თუ ბევრჯერ იტყვი, რომ კიბო გაქვს, აუცილებლად დაგემართება.

ჩვენ ხშირად ბავშვებს ზუსტად ასე ვაპროგრამებთ: ვაწებებთ ლეიბლს, რომელსაც შემდეგ აუცილებლად მოირგებენ და “გახმებიან”, იმისთვის, რომ გაამართლონ.

ნეგატიური ლეიბლები უფრო იოლად ეწებება, ვიდრე პოზიტიური. “ცელქია”, “უზრდელი”, “მატყუარა”, “ცუდი”, “საძაგელი” – ყველა ბავშვი, ვისი თანდასწრებითაც ამ ზედსართავებს ხმარობენ, აუცილებლად ეცდება გაამართლოს ეს შეფასებები, რომლითაც ისევ იმსახურებს მსგავს შეფასებებს და ასე ტრიალებს დაუსრულებელ ციკლში. ხანდახან დიდ ასაკშიც ამოცნობადია, რა ლეიბლს აწებებდნენ ადამიანს ბავშვობაში.

“ზარმაცი”-ც ასეთი ლეიბლია, რომელიც გვეწებება. ვცდილობ, რომ არასოდეს არ დავალეიბლო ვილიამი და არ ვთქვა, რომ ზარმაცია. ამ ბლოგზე უკვე ბევრჯერ ვუწოდე საკუთარ თავს ზარმაცი და ამის წინააღმდეგაც ვებრძვი თავს: ვცდილობ ნეგატიური შეფასებები საკუთარი თავისადმი ამოვიღო და სხვანაირად გავუკეთო ფორმულირება.

ჩემი აზრით, მართლა ზარმაცი ადამიანი საკმაოდ იშვიათია. დაახლოებით ისე, როგორც “ცუდი ბავშვი” არის იშვიათობა. როდესაც ბავშვი რამეს აშავებს, ის ამით “ცუდი ბავშვი” არ ხდება, არამედ “ცუდი საქციელი ჩაიდინა”. გლობალურად ზარმაცი არავინაა, უბრალოდ რაღაც კონკრეტული გვეზარება ხოლმე და ხშირად სრულიად ლეგიტიმურადაც: საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება არ მეზარებოდეს იატაკის დაგვა ან დეტალური, გრძელი, მოსაწყენი რეპორტის წერა.

იმ ადამიანებისთვის, ვინც ნმზ კატეგორიაში არ არიან, ალბათ სასაცილოა ამ ყველაფრის კითხვაც კი. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ერთი საშუალო სირთულის საქმის გასაკეთებლად ადამიანს სჭირდებოდეს რამდენიმე ნაბიჯი: დაგეგმვა, ჯილდოს მოფიქრება, არშესრულების შემთხვევაში – სასჯელი, დროის დანიშვნა, სტიკერის მიწებება, ხელზე ჯვრის დასმა, ქულის დაწერა. და ბოლოს უშუალოდ საქმის გაკეთება. ამ ბლოგის გამო უკვე მითხრეს და აწიც ბევრჯერ მეტყვიან: “ამდენ მაიმუნობას, პირდაპირ რომ დაჯდე და იმუშავო, არა?!” და მე თქვენ ყველას გეუბნებით – კი, დიდი სიამოვნებით, ვოცნებობ იმაზე, რომ შემეძლოს უბრალოდ პირდაპირ დავჯდე და ვიმუშავო და არ მოვუგონო საკუთარ თავს ოცდაათი თამაში და არ დავუწესო თავს 20 შიდა დედლაინი იმისათვის, რომ მივაღწიო დასახულ გეგმებს.

და ბოლოს, პასუხი სათაურში გამოტანილ კითხვაზე: თუ მაინც და მაინც არ მოგწონთ ირგვლივ მყოფი რომელიმე ბავშვი და გინდათ, რომ მომავალში სხვებს ჩამორჩეს, აუცილებლად ყოველ დღე უთხარით, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი.

რა არის “დროდადრო”?

 

რატომ დავიწყე “დროდადრო”?

რაც თავი მახსოვს, სულ მაინტერესებდა ადამიანები და მათი მუშაობის პროცესი. მაგალითად, როდესაც რამე წიგნს ვკითხულობდი, სულ იმას ვფიქრობდი, ამ დროს ავტორი რას ფიქრობდა, რას გრძნობდა, როგორ ცხოვრობდა. ამიტომ აუცილებლად ვკითხულობდი ხოლმე ყველა წიგნის წინასიტყვაობას, სადაც ავტორის შესახებ წერდა ხოლმე მთარგმნელი ან გამომცემელი. ფაქტიურად ღრმა ბავშვობიდან ვინტერესდებოდი ავტორებით და კითხვისას ამას ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა. სხვათაშორის, პირველ რიგში ამ მიზეზით და მერე დანარჩენი მილიონით გახდა მიხეილ ჯავახიშვილი ჩემი უსაყვარლესი ქართველი მწერალი, რადგან მის ტომეულში ერთი ტომი მთლიანად მის შემოქმედებით პროცესს ეხებოდა.

ალბათ ზოგი თქვენგანი ამის წაკითხვისას შუბლს შეკრავს და ცოტათი თავსაც გადააქნევს, როგორ შეიძლება “12 სკამის” კითხვისას ადამიანი იმაზე ფიქრობდეს, კი მაგრამ, ორი ავტორი როგორ ინაწილებდა საქმეს და როგორ არ ჩხუბობდნენ,  და როგორ შეიძლება არ ჩაეფლო მთლიანად კითხვის პროცესში და ჯადოსნურ სამყაროებში? და გეთანხმებით, კი, ყველანაირი კონტენტის აღქმაში “ხელს მიშლის” ეს თვისება. ნახატს ან ფოტოს რომ ვუყურებ, მხატვარზე და ფოტოგრაფზე ვფიქრობ. ფილმების ყურებისას, მითუმეტეს, თუ ბევრი სპეცეფექტია, სიუჟეტის და ფერებით ტკბობის ნაცვლად ძირითადად რეჟისორმა როგორ უთხრა ახლა მსახიობს, “დადარდიანებული სახე მიიღე”, ამაზე მეფიქრება.

ჩემთვის ზრდასრულობის მთელი ხიბლი ისაა, რომ რაღაც მომენტში იმ თვისებებს, რაც ცხოვრებაში ხელს გიშლის, თავის ადგილს უჩენ, პოულობ როგორ გამოგადგეს და ხელს კი აღარ გიშლიდეს, არამედ პირიქით, ხელს გიწყობდეს. ამიტომ ვაღიარე, რომ ესთეტიურ სიამოვნებას მე ნახატის ყურებით ვერ მივიღებ, ამიტომ ეს ჩემი ინტერესი ავიღე და ძირითადად ისეთი ადამიანების შემოქმედებით პროცესებზე და რიტუალებზე მოვმართე, ვინც შთამაგონებს და მამოტივირებს. ზოგი ქართველია, უმეტესობა – უცხოელი. ხანდახან პატერნებს ვპოულობ და მიხარია: მაგალითად, ყველა ჩემთვის მისაბაძ ადამიანს აქვს დილის რიტუალი. დილის რიტუალები საერთოდ, ყველას გვაქვს, ოღონდ ზოგს ხელს გვიშლის ეს რიტუალი და ზოგს გვეხმარება, ამის შესახებ ცალკე პოსტს დავწერ მერე, მაგრამ აი იმ ადამიანებს, ვინც შთამაგონებენ, ერთი და იგივე რამ აღმოვუჩინე: დილას არასდროს იწყებენ სხვისი წესებით: ანუ, მეილით, სადაც სხვები რამეს სთხოვენ, 15 წუთში დანიშნული შეხვედრით და ა.შ. მერე კიდევ რაღაც სხვა პატერნებიც ვიპოვე და ახლა უკვე ძალიან მიყვარს ამ თემაზე დაკვირვება. მაგალითად, ჩემ ირგვლივ მყოფი თითქმის ყველა ადამიანის დილა ვიცი როდის და როგორ იწყება. დიდი ხნის უნახავი ადამიანის მოკითხვის შემდეგ პირველი კითხვაც ეს არის ხოლმე, რას აკეთებს დილით რომ იღვიძებს. რაში მჭირდება? მაინტერესებს, როგორ ფუნქციონირებს, რა ამოტივირებს, რა ადემოტივირებს, რატომ გადააცილებს დედლაინს, რა აიძულებს დილით ადგეს ერთი საათით ადრე. და იქნებ მეც უფრო იოლად შევძლო ჩემი მოტივაციების მართვა ამ დაგროვებული ცოდნით.

და კიდევ გულზე ხელი უნდა დავიდო და ვთქვა, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძააააალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. და სულ ვეძებ მეთოდებს, როგორ შეიძლება მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგი მივიღო. მშურს ვორკაჰოლიკების, რომლებსაც არ შეუძლიათ გაჩერდნენ საქმის გარეშე, მშურს ადამიანების, რომლებისთვისაც უცხოა პროკრასტინაცია და როცა საქმე აქვთ, შეუძლიათ არ უყურონ იუთუბზე მეოცე ვიდეოს და გააკეთონ ის საქმე. მე მინდა, რომ ძალიან ცოტას ვმუშაობდე, დანარჩენი დრო იუთუბზე ვუყურებდე მეოცე ვიდეოს ან მეგობრებთან ვჩატაობდე ან მეძინოს და იმ ცოტა მუშაობისას ბევრ ფულს ვაკეთებდე და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეები გამომდიოდეს.

იმის შემდეგ, რაც უამრავი მსგავსი რიტუალი, რჩევა, შთამაგონებელი ისტორია, კარგი პოდკასტი მოვისმინე დროის მართვის, ცოტა ძალისხმევით მეტის კეთების, რამდენიმე წიგნი წავიკითხე და ბევრ გურუს ავედევნე ონლაინ, მომინდა, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა ეს ჩემი დაგროვილი ცოდნა და ჩემი მუდმივი და 98% შემთხვევაში წარუმატებელი მცდელობები. და ის 2% წარმატებული მცდელობაც, რომელმაც საერთო ჯამში ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის და მჯერა, რომ სხვებისთვისაც შეიძლება შეცვალოს. და სწორედ ეს არის “დროდადრო” – დროის მენეჯმენტის, პროდუქტიულობისა და ორგანიზებულობის მცდელობები.

თუმცა უპირველეს ყოვლისა, დროდადრო ჩემთვის პირადი ცოდნის ბაზაა, რეფერენსი, სადაც დავაგროვებ ყველა ინფორმაციას, რასაც ვშთანთქავ და გადავამუშავებ ამ თემის ირგვლივ.

მე არ ვარ ამ თემის ექსპერტი, გურუ, მასტერი, ქოუჩი. მე ვარ ერთი ძალიან ზარმაცი გოგო, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარმა თავმა ხელი არ შეუშალოს საკუთარივე გეგმების მიღწევაში. და თუ თქვენც რამეში დაგეხმარებათ ჩემი მცდელობების შესახებ კითხვა, +1 ქულა მე საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებაში ცოტა ძალისხმევით.

 რას უნდა ელოდოთ დროდადროსგან?

თემის ირგვლივ ჩემი წაკითხული სტატიებისა და წიგნების მოკლე რევიუებს, რჩევების ნაკრებებს, ნათარგმნ სტატიებს, ჩემს შეცდომებს, ლინკებს პოდკასტებზე, რომლებიც მომეწონა, ადამიანებს, რომლებიც შეიძლება თქვენც შეგიყვარდეთ, ჩემს პირად მოსაზრებებს სხვადასხვა თაიმმენეჯმენტ მეთოდებზე, რესურსებს, აპლიკაციებს, პროგრამებს, რომლებიც აიოლებენ ან ართულებენ ჩემს ცხოვრებას.

რას არ უნდა ელოდოთ დროდადროსგან?

იმას, რომ მარტო ამ ვებგვერდის კითხვით თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდება.
მოწოდებებს, როგორიცაა: DREAM BIG! WORK MORE!
იმას, რომ მკითხველის ვალი მაქვს და ამიტომ ყოველ დღე უნდა ვწერო, ვიხმარო ან არ ვიხმარო უცხოენოვანი სიტყვები.
ასევე არ უნდა ელოდოთ იმას, რომ ყველაფერში დამეთანხმებით ან ყველა აპლიკაცია ან პროგრამა მოგეწონებათ, რის შესახებაც დავწერ. მეტიც, უმეტესობა საერთოდ არ მოგეწონებათ და არ დაგაინტერესებთ. მაგრამ აუცილებლად იქნება რამე ერთი წინადადება, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

ვინ ვარ მე?

ახლა მივხვდი, რომ “გარედან”, ანუ არა მაინც და მაინც ჩემი ფეისბუქიდან მოსული ადამიანი საერთოდ ვერ მიხვდება, ვინ ვარ მე, არადა ხომ შეიძლება მასაც ისევე აინტერესებდეს ავტორი, როგორც მე მაინტერესებს ტექსტის უკან მდგარი ადამიანები.

მე ვარ დოდი ხარხელი (კი, ნამდვილი სახელია, კი პასპორტში დოდი წერია, კი, ხარხელიც ნამდვილი გვარია, კი, ქართულია, კი, ყველა ამ კითხვებს მისვამს). ბევრი წლის წინ იმან, რომ ინტერნეტში ქექვა მიყვარდა, მაშინ ჯერ ახალი ცნების, “ახალი/სოციალური მედიის ექსპერტად” მაქცია. ამას დღემდე ვეძახი “უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენ”-მეთქი, თუმცა მერე სხვა ქვეყნების ძაღლებს შევხვდი და მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყნის კატები საერთოდ არაფრით ჩამორჩებიან და ხშირად უსწრებენ კიდეც ყველა სხვა ცხოველს.
სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგის, კონტენტ დეველოპმენტის შესახებ ჩატარებული ასობით ლექციის, ტრენინგის, ვორკშოპის, სემინარის პარალელურად ნამუშევარი მაქვს რამდენიმე მსხვილი და ბევრი არც ისე მსხვილი კომპანიის ონლაინ სახეზე, მქონდა საკუთარი კომპანიაც (ამის შესახებ აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს, რადგან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, რომელიც აქამდე არავისთვის გამიზიარებია). ვარ რამდენიმე საინტერესო პროექტის ავტორი და მონაწილე და კიდევ უფრო მეტს ვგეგმავ მომავალში. ამ მომენტში, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, ვარ ონლაინ მედია პორტალის, Chai Khana-ს პიარ მენეჯერი, Pink.ge-ს მთავარი რედაქტორი, სოციალური მედიის ტრენერი გამოძახებით,  ყველა ქალის გულშემატკივარი და ჩემი სამზარეულოს ტოპ მზარეული.

ჩემი პოვნა იოლია. დაკარგვა ცოტა რთული:
dodie
Facebook

Twitter
Linkdin
Mail

 

პროექტის ფეისბუქის გვერდი:  დროდადრო | Drodadro

საიდან დავიწყო?

 

იმას, რომ რაღაცების დაგეგმვა ძალიან მიყვარს, ერთდროულად შევიტანდი ჩემს დადებით და ჩემს უარყოფით თვისებებში.

შემიძლია წინასწარ დავგეგმო მთელი თვის საყიდლები, მთელი კვირის ტანსაცმელი, კერძები, მომდევნო სამი თვის პროექტები, მომდევნო ერთი წლის მიზნები. ამის გამო თითქმის ყველა სიტუაციას მომზადებული ვხვდები, რადგან უარესი შემთხვევებიდან გამოსავალიც დაგეგმილი მაქვს ხოლმე.

თუმცა ჩემს ამ უნარს თუ თვისებას უფრო მეტი უარყოფითი მხარე აქვს:

  1. დაგეგმვის შემდეგ განხორციელების ეტაპი დგება. ეს ნაწილი ყველაზე მეტად მიჭირს, არადა პატარა სისტემატური ნაბიჯები არის ყველანაირი წარმატების გარანტი.
  2. თუ ჩემს გეგმას სხვა ადამიანები გადაუხვევენ, ნერვები მეშლება (და სულ უხვევენ, იმიტომ, რომ სხვა ადამიანები არიან. თავიანთი ცხოვრება აქვთ და თავიანთი გეგმები, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს.)
  3. მიჭირს რაიმეს სპონტანურად დაწყება. არადა ხშირად კარგი რაღაცები სწორედ სპონტანურად ხდება, ბევრი ფიქრის გარეშე, “დღეიდანვე დავიწყოთ” და არა ერთი თვე მზადების და ფიქრის შემდეგ.

ამასწინათ ერთი პროექტი, რომლის მოსამზადებლადაც 1.5 თვე გამოვუყავი საკუთარ თავს, ჩემმა მეგობარმა, მარიამმა, ასე სპონტანურად დამაწყებინა. “და რატომ არა ახლა, რაში გჭირდება ერთი თვე”, – წარმოვიდგინე კიდევაც სახე და გამომეტყველება, რომლითაც ეს ტექსტი მომწერა. მე ეგრევე ნერვული ბლუკუნი დავიწყე: ეეეე იმიტომ რომ დავგეგმოთ კარგააად, წინასწარ მოვიფიქროოთ, დიზაინი გავასწოროოოთ. ნერვული ბლუკუნი ჩატში იცით როგორია? აი ბევრს, სწრაფად და არეულად რომ ბეჭდავ. მარიამი კი არა, ჩემი თავიც ვერ დავარწმუნე, რაში მჭირდებოდა ერთი თვე. და დავიწყეთ! ამაზე მერე დავწერ უფრო დეტალურად, მანამდე კი მარიამის კარგი ბლოგი, ბიოჰაკერი შეგიძლიათ დაათვალიეროთ: BioHacker.

tumblr_ne7wi1yzn01rq9s3do1_1280ამისგან შთაგონებულმა ავდექი და ამ ბლოგზეც დავწერე პოსტი. იცით რატომ? ივნისში გადავწყვიტე, რომ მინდოდა ბლოგი დროის მენეჯმენტზე და პროდუქტიულობაზე, იმიტომ, რომ ამ თემაზე ბევრს ვკითხულობ, ბევრს ვტესტავ და პოდკასტებს ვუსმენ, აგვისტოში დავარეგისტრირე ეს დომენი და იმის შემდეგ ხან “ჯერ კარგი დიზაინი არ ამირჩევია”, მერე “5 პოსტი მაინც ხომ უნდა მქონდეს დაწერილი გაშვებამდე”, მერე “აი ეს დედლაინიც ჩაივლის და…” დადგა ნოემბერი. 6 თვე გავიდა.

საერთოდ არ ვარ მზად, არც 5 პოსტი მაქვს წინასწარ დაწერილი და არც დრაფტები მაქვს გამზადებული, ეს დიზაინიც არ მომწონს, მაგრამ ნელნელა ყველაფერს ეშველება, მთავარია დავიწყო, გადავიდე დაგეგმვის პროცესიდან განხორციელების პროცესში.

ჰოდა დავიწყე! ოღონდ უფრო სწორად, ჯერ დავიწყე (პირველი პოსტი: რა მაიძულებს ვწერო) და შემდეგ ვთქვი, რომ დავიწყე!

კონკრეტულად რა მოხდება ამ ბლოგზე და რას უნდა ელოდოთ და რას არ უნდა ელოდოთ მისგან, შემდეგ პოსტში დავწერ.

 

რა მაიძულებს ვწერო

 

2016 წლის უკვე შესრულებულ და ჯერ საერთოდ შეუსრულებელ სხვადასხვა გეგმასთან ერთად, “შემოქმედებითი წერაც” მაქვს (Creative writing).

ცუდად გამომდის თუ კარგად, ეგ სხვა საკითხია, მე მინდა, რომ უფრო ვავარჯიშებდე ჩემს ფანტაზიას და წერის უნარს. თუმცა ძალიან მიჭირს, რომ გამოვნახო ამისთვის დრო და, დროზე უფრო მეტად, მიჭირს დავჯდე და დავიწყო. და მერე დავამთავრო ისე, რომ პარალელურად არ გავხსნა მილიონი ტაბი ვითომ დასარესერჩებლად, ვითომ ახალი იდეის მეგობართან დასატესტად, ბარემ ამ მეილსაც ვუპასუხებ, ბარემ ფეისბუქსაც დავხედავ და მორჩა, დაღამდა, ძილის დროა. შემოქმედებით წერაში კი დედლაინები არ მაქვს, რომლის შიშით მაინც გავაკეთებდი რამეს.

ხშირად ვტესტავ სხვადასხვა ბლოკერებს. ამ ეტაპზე მომწონს “Cold Turkey Writer”. მუშაობს ვინდოუსზეც და მაკზეც, არაფერს აშავებს, უფასოა, პრო ვერსიაც არსებობს, მაგრამ  უფასო ვერსიაც აკეთებს თავის საქმეს. პატარა პროგრამა ეშვება, რომელიც ბლოკავს აბსოლუტურად ყველაფერს, გარდა სუფთა ფურცლისა, სადაც უნდა დაიწყო წერა.

screen-shot-2016-11-01-at-5-36-11-pm
ბლოკის ხანგრძლივობას თავიდანვე ვაყენებ ან წუთობრივად (15 წუთი, 20 წუთი, 30 წუთი) ან, უფრო ხშირად, დასაწერი სიტყვების მიხედვით (1000 სიტყვა). როგორც კი დასრულდება დრო ან დავწერ სიტყვების დათქმულ რაოდენობას, უკვე შემიძლია გავიდე პროგრამიდან და სასწრაფოდ ვნახო, რა მნიშვნელოვანი ამბები მოხდა, სანამ არ ვიყავი ხაზზე!

პროგრამის გათიშვის გზები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგალითად კომპიუტერის დარესტარტება, მაგრამ ამდენზე უკვე ნამუსი აღარ მიშვებს ხოლმე.

აი ეს მაიძულებს ვწერო. არა დიდი სევდა ან დაგროვილი ემოციები ან რაიმე მნიშვნელოვანის გაზიარების მწველი სურვილი ან უსაზღვრო ნიჭი, რომელიც ჩემშია ჩაბუდებული და ამოხეთქვას ლამობს. არამედ პროგრამა, რომელიც მითიშავს ყველა სხვა გზას.