Fail Fast

ერთხელ გოგონა მომიახლოვდა, მადლობა უნდა გითხრაო, შენს ვორკშოპზე გაგონილმა ფრაზამ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ შეცვალაო. ეს უსაყვარლესი, ლამაზი და ჭკვიანი გოგო რამდენიმე კვირის წინ სოციალური მედიის შესახებ ვორკშოპზე გავიცანი.

სასწაულად გამიხარდა. ბევრი ტრენინგი და ვორკშოპი ჩამიტარებია, ვიცი, რომ სადღაც რაღაცაში ადგებათ ხოლმე ჩემგან გაგონილი ინფორმაცია, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გაიგებ, კონკრეტულად რა ხეირი მოუტანე სამყაროს. იმ ვორკშოფზე  ახლადშექმნილ ორგანიზაციას ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისას ონლაინ სივრცის ათვისებაზე ვესაუბრებოდი.

თუმცა მის პასუხში არაფერი აღმოჩნდა სოციალურ მედიასთან ან ადვოკატირებასთან კავშირში.

Fail Fast –  აი ეს ფრაზა ვახსენე ვორკშოპზე. იმის აღსანიშნავად, რომ მნიშვნელოვანია, მალევე გავიაზროთ, როცა რაიმე კამპანია ან აქცია ან მიმართულება არ მუშაობს და იმის ნაცვლად, რომ გადავაკვდეთ და ტყუილად გავფლანგოთ რესურსი, სასწრაფოდ უნდა დავფეილდეთ და ახალი დავიწყოთ ან მიმართულება შევუცვალოთ-მეთქი. და ამ ფრაზამ  თურმე ამ გოგოს შეყვარებულთან დაშორება გადააწყვეტინა. და ამისთვის გადამიხადა მადლობა.

შეიძლება სოციალურ მედიაში დიდი ვერაფერი ვასწავლე, მაგრამ მაინც სასარგებლო საქმედ ჩავითვლი 🙂

Fail Fast – ჩემს ყველაზე საყვარელ ფრაზებს შორის პირველ ადგილზეა. ყველაფერს მიესადაგება და დროისა და რესურსების მენეჯმენტის ერთერთ ოქროს წესად ამოვტვიფრავდი: იმისათვის, რომ დრო დაზოგო, უნდა შეგეძლოს სწრაფად დაცემა, და სწრაფადვე წამოდგომა ფეხზე.

Fail Fast ისაა, რისი მუდმივი შეხსენებაც მჭირდება, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე საკმაოდ დიდი ფეილის მერე უზარმაზარი სარეაბილიტაციო პერიოდი დამჭირდა იმისათვის, რომ მეორედ ისევ მეცადა რამე. ჩემს “ცოდვებში” ასევე გადის უკვე დაფეილებულ პროექტებზე უამრავი საათის ამაო ხარჯვა, მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვაღიარო ხოლმე ყველაზე მტკივნეული რამ: ის, რომ დავფეილდი.

%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9a

Advertisements