როგორ დავღუპოთ ბავშვი: ყოფილი ნიჭიერი-მაგრამ-ზარმაცის აღსარება

ახლა არ ვარ დარწმუნებული, რა ხდება სკოლებში, თუმცა საბჭოთა აღზრდიდან მოსწავლეების ორი ტიპი მახსოვს: “ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები” და ყველა დანარჩენი, რომელსაც ამ პოსტის ფარგლებში “მშრომელებს” დავარქმევ.

მე და ბევრი თქვენგანიც “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის” საპატიო იარლიყს ვატარებდით. “საპატიო” ალბათ უფრო ბრჭყალებშია ჩასასმელი, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ცოტა სიამაყით უსვამს ამას ხაზს და მასწავლებელიც ოდნავ ღიმილით გადააქნევს თავს  მორიგ გაუმზადებელ დავალებაზე, თუმცა სემესტრის ბოლოს მაინც დაწერს კარგ ნიშანს. რატომ? იმიტომ, რომ სემესტრის მანძილზე მხოლოდ ერთხელ არის საჭირო მოინდომოს ამ “ნიჭიერმა, მაგრამ ზარმაცმა” იმისათვის, რომ  მასწავლებლისთვის კარგი შედეგი დადოს: თემა დაწეროს, გამოცდა ჩააბაროს, კარგი პრეზენტაცია გააკეთოს, ოლიმპიადაზე გაიმარჯვოს, რომელიც  სახელს გაუთქვამს სკოლას, მიიღებს პრიზს და ამით ის ავტომატურად დგება ყველა მშრომელზე მაღლა.

მშრომელებს კი სკოლაში, სადაც ერთჯერადი გამონათებები უფრო მეტად ფასობს, ასე არ უმართლებთ. ისინი კონსისტენტურები არიან, ყოველ დღე მეცადინეობენ, ყველა საკონტროლოს წერენ და მუდამ მზად აქვთ დავალება, თუმცა არასდროს ხდებიან პრიზის მფლობელები. ნმზ-ებისგან განსხვავებით, მათ იშვიათად პატიობენ იმას, რომ არ მოამზადეს დავალება და მიუხედავად იმისა, რომ ამდენს შრომობენ, “ზუბრიაჩკას” ტიტულს არ სცდება მათი შექება.

სკოლა მთავრდება, უნივერსიტეტშიც დაახლოებით იგივე სისტემაა. მხოლოდ ერთხელ არის საჭირო თავი დაამახსოვრო ნმზ-მ ლექტორს იმისათვის, რომ მერე ინერციით გაგყვეს კარგი შეფასებები. “საერთოდ არ მიმეცადინია, გუშინ გადავხედე მარტო” – შევიდეს გამოცდაზე და აუცილებლად მიიღოს გამსვლელი ქულა.

და მერე დგება დრო, როდესაც რეალობა გიტყაპუნებს სახეში. როცა ამ შენს ერთჯერად ნიჭიერებას იმხელა მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენადაც უნარს, ბევრი იმუშავო.

თქვენი არ ვიცი და მე ყოველდღე მწარედ მიტყაპუნებს სახეში ის შედეგები, რომლებიც ჩემთვის “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის” ცხოვრების წესიდან წამოვიდა.

ისინი, ვინც “ნიჭიერებით” ჩამოგვრჩებოდნენ, მაგრამ ბევრს შრომობდნენ, დღეს ნმზ-ებზე წინ არიან კარიერულ კიბეებზეც და პიროვნული განვითარების თვალსაზრისითაც იმიტომ, რომ მათ აქვთ ყველაზე ძლიერი იარაღი: კონცენტრაციის და ბევრი მუშაობის უნარი.

“ნმზ”-ები არ ვართ მიჩვეული ბევრ მუშაობას და კონსისტენტურობას. იმის გამო, რომ ერთჯერადი ნიჭიერობის გამო ბევრი რამე გვეპატიებოდა და ბევრი ნიშანი “მუქთად” გვეწერებოდა, ვერ გამოვიმუშავეთ ის მნიშვნელოვანი უნარი, როგორიცაა, მაგალითად, რამდენიმე საათი გულდასმით, გადაბმულად მუშაობა და არა ერთი ან ორი დღით, არამედ ყოველ დღე ან კვირაში 5 დღის მანძილზე მაინც. ნმზ-ებს შეგვიძლია ერთჯერადად კონცენტრაცია და დედლაინის წინა ღამის გათენება, თუმცა ყოველდღიური  პატარ-პატარა კონცენტრაცია დედლაინამდე 1 თვით ადრე, რომელიც ღამის გათენებას თავიდან აგვარიდებდა, გვიჭირს.

პარალელურად გადის წლები და მალევე აღმოჩნდება, რომ არც ისეთი ნიჭიერები ვართ, რამდენადაც ზარმაცები და აღარც აბალანსებს ეს პლიუს-მინუსი ერთმანეთს. მართლა საოცრად ნიჭიერი ადამიანი ასი ათასში ერთია, რომელსაც შეუძლია არ იზრუნოს ამ ყველაფერზე, მაგრამ მე მაგალითად საერთოდ არ განვეკუთვნები გენიოსთა კატეგორიას და ესპანურს ვერ ვსწავლობ მხოლოდ რამდენიმე საღამოს მეცადინეობით (აქვე, ესპანურის და ბევრი სხვა ენის ნამცეც-ნამცეც სასწავლად ძალიან კარგი  მობილური და ვებ აპლიკაციაა Duolinguo, თუ ვინმე ოცნებობდით რაიმე ენის ცოდნაზე, დღეში 10 წუთიც საქმეა, ცოტა ხანში წაკითხულიდან და მოსმენილიდან შინაარსის გამოტანას შეძლებთ). 

ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ პრაქტიკულად ახლიდან მიწევს დოდის აღზრდა. თან ამას პარალელურად ჩემი 7 წლის შვილის აღზრდას ვუთავსებ, რომელიც თავისი ასაკისთვის მართლა ნიჭიერია, თუმცა ვიცი, რომ მას ცხოვრებაში ეს ხელს უფრო შეუშლის, ვიდრე დაეხმარება.

hard-worker

ლეიბლები

“შეძახილმა ხე გაახმოო” – მიყვარს ეს გამოთქმა. გულწრფელად მჯერა, რომ თუ დიდხანს უძახებ ადამიანს, რომ მატყუარაა, აუცილებლად დაიწყებს ტყუილებს, თუ ბევრჯერ იტყვი, რომ კიბო გაქვს, აუცილებლად დაგემართება.

ჩვენ ხშირად ბავშვებს ზუსტად ასე ვაპროგრამებთ: ვაწებებთ ლეიბლს, რომელსაც შემდეგ აუცილებლად მოირგებენ და “გახმებიან”, იმისთვის, რომ გაამართლონ.

ნეგატიური ლეიბლები უფრო იოლად ეწებება, ვიდრე პოზიტიური. “ცელქია”, “უზრდელი”, “მატყუარა”, “ცუდი”, “საძაგელი” – ყველა ბავშვი, ვისი თანდასწრებითაც ამ ზედსართავებს ხმარობენ, აუცილებლად ეცდება გაამართლოს ეს შეფასებები, რომლითაც ისევ იმსახურებს მსგავს შეფასებებს და ასე ტრიალებს დაუსრულებელ ციკლში. ხანდახან დიდ ასაკშიც ამოცნობადია, რა ლეიბლს აწებებდნენ ადამიანს ბავშვობაში.

“ზარმაცი”-ც ასეთი ლეიბლია, რომელიც გვეწებება. ვცდილობ, რომ არასოდეს არ დავალეიბლო ვილიამი და არ ვთქვა, რომ ზარმაცია. ამ ბლოგზე უკვე ბევრჯერ ვუწოდე საკუთარ თავს ზარმაცი და ამის წინააღმდეგაც ვებრძვი თავს: ვცდილობ ნეგატიური შეფასებები საკუთარი თავისადმი ამოვიღო და სხვანაირად გავუკეთო ფორმულირება.

ჩემი აზრით, მართლა ზარმაცი ადამიანი საკმაოდ იშვიათია. დაახლოებით ისე, როგორც “ცუდი ბავშვი” არის იშვიათობა. როდესაც ბავშვი რამეს აშავებს, ის ამით “ცუდი ბავშვი” არ ხდება, არამედ “ცუდი საქციელი ჩაიდინა”. გლობალურად ზარმაცი არავინაა, უბრალოდ რაღაც კონკრეტული გვეზარება ხოლმე და ხშირად სრულიად ლეგიტიმურადაც: საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება არ მეზარებოდეს იატაკის დაგვა ან დეტალური, გრძელი, მოსაწყენი რეპორტის წერა.

იმ ადამიანებისთვის, ვინც ნმზ კატეგორიაში არ არიან, ალბათ სასაცილოა ამ ყველაფრის კითხვაც კი. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ერთი საშუალო სირთულის საქმის გასაკეთებლად ადამიანს სჭირდებოდეს რამდენიმე ნაბიჯი: დაგეგმვა, ჯილდოს მოფიქრება, არშესრულების შემთხვევაში – სასჯელი, დროის დანიშვნა, სტიკერის მიწებება, ხელზე ჯვრის დასმა, ქულის დაწერა. და ბოლოს უშუალოდ საქმის გაკეთება. ამ ბლოგის გამო უკვე მითხრეს და აწიც ბევრჯერ მეტყვიან: “ამდენ მაიმუნობას, პირდაპირ რომ დაჯდე და იმუშავო, არა?!” და მე თქვენ ყველას გეუბნებით – კი, დიდი სიამოვნებით, ვოცნებობ იმაზე, რომ შემეძლოს უბრალოდ პირდაპირ დავჯდე და ვიმუშავო და არ მოვუგონო საკუთარ თავს ოცდაათი თამაში და არ დავუწესო თავს 20 შიდა დედლაინი იმისათვის, რომ მივაღწიო დასახულ გეგმებს.

და ბოლოს, პასუხი სათაურში გამოტანილ კითხვაზე: თუ მაინც და მაინც არ მოგწონთ ირგვლივ მყოფი რომელიმე ბავშვი და გინდათ, რომ მომავალში სხვებს ჩამორჩეს, აუცილებლად ყოველ დღე უთხარით, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი.

Advertisements

6 thoughts on “როგორ დავღუპოთ ბავშვი: ყოფილი ნიჭიერი-მაგრამ-ზარმაცის აღსარება

  1. მე საერთოდ მგონია, რომ ნმზ ბავშვები ძალიან ცოდოები არიან. ვერ იგებენ, რატომ უნდა იზეპირონ რაღაც “მარტივი ჭეშმარიტებები” და რატომ უნდა აწარმოონ საზეპიროების სუფთა წერის რვეული ან საერთოდ სკოლაში რატომ უნდა იარონ ყოველდღე, როცა სახლში უფრო მეტს სწავლობენ. და მერე ის ზუბრიაჩკა კლასელები რომ ეროვნულ გამოცდაზე ზღვარს ძლივს გადალახავენ, ნმზ-ები საერთოდ ვერ ხვდებიან, რატომ ემზადებოდა ეს ხალხი გამოცდებისთვის ამდენი წელი, როცა ასე ადვილი ყოფილა სინამდვილეში. უნივერსიტეტში კი ის უკვირთ, რატომ აღარ ახსოვთ ფრიადოსან სტუდენტებს გამოცდიდან 2 თვის მერე არაფერი. სხვათა შორის, ჩემს კლასში უფრო მეტად ზუბრიაჩკები ფასდებოდნენ და ფრიადოსანთა დაფაზე გაომოკრული ფოტოს გარდა არაფრისთვის მიუღწევიათ დღემდე.

    Like

  2. ვახ, არასდროს არ ვყოფილვარ ნმზ სკოლაში, ყოველთვის მშრომელი ვიყავი. კი, უმეტესად ვიყავი მოწინავე მოსწავლე, დიდი შრომის ხარჯზე, მაგრამ ხანდახან ძალიან ნერვები მეშლებოდა ნმზ-ები ჩემზე მაღალ ქულებს როცა იღებდნენ 1 საათიან შრომაში და მე 10 საათი რომ უნდა მემეცადინა იგივე შედეგისთვის.

    Like

  3. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნმზ-ობით.
    ნ-ს ხარჯზე ზ-ს დაფარვასაც წარმატებით ვახერხებ 25 წელია და ჩემს გარდა არავინ იცის მგონი, რა ზ ვარ.
    ძალიან კარგად მუშაობს ჩემთვის ეს დედლაინის წინ თავის მოკვლა. ამის გამო არ გამიფუჭებია არც ჩემი საქმე და არც სხვისი, შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ დამიგდია არასდროს და ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ერთი კვირა ვაკეთე თუ ერთი დღე? :დ მირჩევნია, ეს ერთი დღე გავიჭირვო, ვიდრე ერთი კვირის განმავლობაში ცოტ-ცოტა ვაკეთო და სულ ამაზე ვიფიქრო. მიცდია საქმის დროზე დაწყება და დედლაინამდე 3 დღით ადრეც დავასრულე, მაგრამ იმხელა სტრესი იყო, რომ არ მიღირს.
    რა ვქნა, თუ მშრომელებზე კარგად გამომდის ყველაფერი, ჩემი ბრალია? :დდ
    ის, რომ I don’t need much effort to do things ჩემი მინუსი არაა.
    მშრომელებო, არ გაბრაზდეთ ჩვენზე. ძალით კი არ გვინდა ასე. ეგრე გამოდის უბრალოდ 😀

    Liked by 1 person

  4. სულ ამას ვამბობ მეც. იმან, რომ ყველაფერი შედარებით მარტივად გამომდიოდა, ძალიან ბევრი ნაბიჯით უკან დამხია რეალურად და დღეს ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება იმისთვის, რომ შრომისმოყვარეობა გამოვიმუშაო.
    ჩემს შვილს “ნდბ”-ს დავუძახებ – ნიჭიერი და ბეჯითი 😀

    Like

  5. ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი განათლების მახინჯი სისტემის იარლიყია.სისტემის, რომელიც ორიენტირებულია ნიშნებზე და არა ცოდნაზე.
    მე კი ასეთ ბავშვებს ვუწოდებ ნიჭიერს და მეამბოხეს. მას არ აინტერესებს ნიშნები, ვიღაცის შექება, შეფასება. ის აკეთებს იმას, რაც აინტერესებს და ეხალისება. გონიერი პედაგოგი შეძლებს, რომ ის დააინტერესოს ასეთი ბავშვი, გამოავლინოს მისი ნიჭი და განავითაროს. ცხოვრებაში ასეთი ადამიანი აუცილებლად შექმნის რაღაც ღირებულს.

    Liked by 1 person

  6. მე ახლა მეათე კლასში ვარ და ყოველთვის ნზმ-ს იარლიყი მეკერა,ყველა ამბობდა ნიჭიერია მაგრამ ზარმაციო,რაქნას შრომა ეზარებაო,თუმცა მე შრომა არასოდეს არ მეზარებოდა,უბრალოდ ვიცოდი რომ იმას რასაც სწავლობდი არ გამომადგებოდა რადგან პატარაობიდანვე ვიცოდი,რა მინდოდა და რას გავაკეთებდი მომავალში,უბრალოდ ჩემი მშობლებსთვის რომ მეთქვა,მენდეთ,დამიჯერეთ ეს ჩემთვის უკეთესია,ვიცი რაც მოხდება მომავალში და ყველაფერი კარგად იქნებათო რათქმაუნდა არ დამიჯერებდნენ და დამსვავდნენ სამეცადინოდ,თუმცა ბოლოს ყოველთვის ისე ხდებოდა როგორც ვიცოდი რომ მოხდებოდა(ყოველთვის),მე არასდროს არ მაინტერესებდა სკოლის ნიშნები და სიმართლე რომ გითხრათ ძანლან ვამაყობ იმით რომ “მშრომელების” კატეგორიას არ მივეკუთნები,ჩემი ძმა ზუსტად ასეთია,მედალოსანია,ახლა სტუდენტი,100 ქულიდან 99-ს რომ აიღებს ძალიან წუხს ხოლმე,თუმცა მე ნიშანზე არც არასდროს მიდარდია და მეცინებოდა ხოლმე როცა ვინმე ამაზე ღელავდა.მეც ყოველთვის ცოდნას ვაფასებდი და სკოლაში სულ თითზე ჩამოსათვლელი დღეები მახსოვს როცა რაღაც ვისწავლე და გამომადგა,სახლში ნამდვილად უფრო ბევრს ვსწავლობ ინტერნეტით ვიდრე სკოლაში.მე ამ სტატიას არ ვეთანხმები რადგან ჩემი “მშრომელი” ძმა რომელიც მთელი ცხოვრებაა სწავლობს,იტანჯება ისეთი რაღაცეებით რომელიც შეიძლება არ გამოიყენოს,ღამე ბოდავს და ეკონომიკაზე მესაუბრება ძილში,გამოხტომები აქ,სტრესი და ნერვული აშლილობაც აქვს იმის გამო რომ სულ სწავლობს,მე “ნზმ” კი 15 წლის ვარ,უკვე ვმუშაობ პროგრამისტად და 2 თვეში იმ რაოდენობის თანხას ველოდები რომელსაც დედაჩემი და მამაჩემი მთელი წლის განმავლობაში ერთად აგროვებენ,მე ვფიქრობ რომ არც ისე ცუდია ნზმ-დ ყოფნა,მთავარია სროად გაიზრო რა გინდა,რას აპირებ და რა ნიჭი გაქვს,ამ შემთხვევაში არც გართობა არ მოგაკლდება,არც საჭირო ცოდნა და არც სულიერი და ფიზიკური საზრდო.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s