რა არის “დროდადრო”?

 

რატომ დავიწყე “დროდადრო”?

რაც თავი მახსოვს, სულ მაინტერესებდა ადამიანები და მათი მუშაობის პროცესი. მაგალითად, როდესაც რამე წიგნს ვკითხულობდი, სულ იმას ვფიქრობდი, ამ დროს ავტორი რას ფიქრობდა, რას გრძნობდა, როგორ ცხოვრობდა. ამიტომ აუცილებლად ვკითხულობდი ხოლმე ყველა წიგნის წინასიტყვაობას, სადაც ავტორის შესახებ წერდა ხოლმე მთარგმნელი ან გამომცემელი. ფაქტიურად ღრმა ბავშვობიდან ვინტერესდებოდი ავტორებით და კითხვისას ამას ჩემზე დიდი გავლენა ჰქონდა. სხვათაშორის, პირველ რიგში ამ მიზეზით და მერე დანარჩენი მილიონით გახდა მიხეილ ჯავახიშვილი ჩემი უსაყვარლესი ქართველი მწერალი, რადგან მის ტომეულში ერთი ტომი მთლიანად მის შემოქმედებით პროცესს ეხებოდა.

ალბათ ზოგი თქვენგანი ამის წაკითხვისას შუბლს შეკრავს და ცოტათი თავსაც გადააქნევს, როგორ შეიძლება “12 სკამის” კითხვისას ადამიანი იმაზე ფიქრობდეს, კი მაგრამ, ორი ავტორი როგორ ინაწილებდა საქმეს და როგორ არ ჩხუბობდნენ,  და როგორ შეიძლება არ ჩაეფლო მთლიანად კითხვის პროცესში და ჯადოსნურ სამყაროებში? და გეთანხმებით, კი, ყველანაირი კონტენტის აღქმაში “ხელს მიშლის” ეს თვისება. ნახატს ან ფოტოს რომ ვუყურებ, მხატვარზე და ფოტოგრაფზე ვფიქრობ. ფილმების ყურებისას, მითუმეტეს, თუ ბევრი სპეცეფექტია, სიუჟეტის და ფერებით ტკბობის ნაცვლად ძირითადად რეჟისორმა როგორ უთხრა ახლა მსახიობს, “დადარდიანებული სახე მიიღე”, ამაზე მეფიქრება.

ჩემთვის ზრდასრულობის მთელი ხიბლი ისაა, რომ რაღაც მომენტში იმ თვისებებს, რაც ცხოვრებაში ხელს გიშლის, თავის ადგილს უჩენ, პოულობ როგორ გამოგადგეს და ხელს კი აღარ გიშლიდეს, არამედ პირიქით, ხელს გიწყობდეს. ამიტომ ვაღიარე, რომ ესთეტიურ სიამოვნებას მე ნახატის ყურებით ვერ მივიღებ, ამიტომ ეს ჩემი ინტერესი ავიღე და ძირითადად ისეთი ადამიანების შემოქმედებით პროცესებზე და რიტუალებზე მოვმართე, ვინც შთამაგონებს და მამოტივირებს. ზოგი ქართველია, უმეტესობა – უცხოელი. ხანდახან პატერნებს ვპოულობ და მიხარია: მაგალითად, ყველა ჩემთვის მისაბაძ ადამიანს აქვს დილის რიტუალი. დილის რიტუალები საერთოდ, ყველას გვაქვს, ოღონდ ზოგს ხელს გვიშლის ეს რიტუალი და ზოგს გვეხმარება, ამის შესახებ ცალკე პოსტს დავწერ მერე, მაგრამ აი იმ ადამიანებს, ვინც შთამაგონებენ, ერთი და იგივე რამ აღმოვუჩინე: დილას არასდროს იწყებენ სხვისი წესებით: ანუ, მეილით, სადაც სხვები რამეს სთხოვენ, 15 წუთში დანიშნული შეხვედრით და ა.შ. მერე კიდევ რაღაც სხვა პატერნებიც ვიპოვე და ახლა უკვე ძალიან მიყვარს ამ თემაზე დაკვირვება. მაგალითად, ჩემ ირგვლივ მყოფი თითქმის ყველა ადამიანის დილა ვიცი როდის და როგორ იწყება. დიდი ხნის უნახავი ადამიანის მოკითხვის შემდეგ პირველი კითხვაც ეს არის ხოლმე, რას აკეთებს დილით რომ იღვიძებს. რაში მჭირდება? მაინტერესებს, როგორ ფუნქციონირებს, რა ამოტივირებს, რა ადემოტივირებს, რატომ გადააცილებს დედლაინს, რა აიძულებს დილით ადგეს ერთი საათით ადრე. და იქნებ მეც უფრო იოლად შევძლო ჩემი მოტივაციების მართვა ამ დაგროვებული ცოდნით.

და კიდევ გულზე ხელი უნდა დავიდო და ვთქვა, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან, ძააააალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. და სულ ვეძებ მეთოდებს, როგორ შეიძლება მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგი მივიღო. მშურს ვორკაჰოლიკების, რომლებსაც არ შეუძლიათ გაჩერდნენ საქმის გარეშე, მშურს ადამიანების, რომლებისთვისაც უცხოა პროკრასტინაცია და როცა საქმე აქვთ, შეუძლიათ არ უყურონ იუთუბზე მეოცე ვიდეოს და გააკეთონ ის საქმე. მე მინდა, რომ ძალიან ცოტას ვმუშაობდე, დანარჩენი დრო იუთუბზე ვუყურებდე მეოცე ვიდეოს ან მეგობრებთან ვჩატაობდე ან მეძინოს და იმ ცოტა მუშაობისას ბევრ ფულს ვაკეთებდე და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეები გამომდიოდეს.

იმის შემდეგ, რაც უამრავი მსგავსი რიტუალი, რჩევა, შთამაგონებელი ისტორია, კარგი პოდკასტი მოვისმინე დროის მართვის, ცოტა ძალისხმევით მეტის კეთების, რამდენიმე წიგნი წავიკითხე და ბევრ გურუს ავედევნე ონლაინ, მომინდა, რომ სხვებისთვისაც გამეზიარებინა ეს ჩემი დაგროვილი ცოდნა და ჩემი მუდმივი და 98% შემთხვევაში წარუმატებელი მცდელობები. და ის 2% წარმატებული მცდელობაც, რომელმაც საერთო ჯამში ბევრი რამ შეცვალა ჩემთვის და მჯერა, რომ სხვებისთვისაც შეიძლება შეცვალოს. და სწორედ ეს არის “დროდადრო” – დროის მენეჯმენტის, პროდუქტიულობისა და ორგანიზებულობის მცდელობები.

თუმცა უპირველეს ყოვლისა, დროდადრო ჩემთვის პირადი ცოდნის ბაზაა, რეფერენსი, სადაც დავაგროვებ ყველა ინფორმაციას, რასაც ვშთანთქავ და გადავამუშავებ ამ თემის ირგვლივ.

მე არ ვარ ამ თემის ექსპერტი, გურუ, მასტერი, ქოუჩი. მე ვარ ერთი ძალიან ზარმაცი გოგო, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარმა თავმა ხელი არ შეუშალოს საკუთარივე გეგმების მიღწევაში. და თუ თქვენც რამეში დაგეხმარებათ ჩემი მცდელობების შესახებ კითხვა, +1 ქულა მე საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებაში ცოტა ძალისხმევით.

 რას უნდა ელოდოთ დროდადროსგან?

თემის ირგვლივ ჩემი წაკითხული სტატიებისა და წიგნების მოკლე რევიუებს, რჩევების ნაკრებებს, ნათარგმნ სტატიებს, ჩემს შეცდომებს, ლინკებს პოდკასტებზე, რომლებიც მომეწონა, ადამიანებს, რომლებიც შეიძლება თქვენც შეგიყვარდეთ, ჩემს პირად მოსაზრებებს სხვადასხვა თაიმმენეჯმენტ მეთოდებზე, რესურსებს, აპლიკაციებს, პროგრამებს, რომლებიც აიოლებენ ან ართულებენ ჩემს ცხოვრებას.

რას არ უნდა ელოდოთ დროდადროსგან?

იმას, რომ მარტო ამ ვებგვერდის კითხვით თქვენი ცხოვრება უკეთესი გახდება.
მოწოდებებს, როგორიცაა: DREAM BIG! WORK MORE!
იმას, რომ მკითხველის ვალი მაქვს და ამიტომ ყოველ დღე უნდა ვწერო, ვიხმარო ან არ ვიხმარო უცხოენოვანი სიტყვები.
ასევე არ უნდა ელოდოთ იმას, რომ ყველაფერში დამეთანხმებით ან ყველა აპლიკაცია ან პროგრამა მოგეწონებათ, რის შესახებაც დავწერ. მეტიც, უმეტესობა საერთოდ არ მოგეწონებათ და არ დაგაინტერესებთ. მაგრამ აუცილებლად იქნება რამე ერთი წინადადება, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

ვინ ვარ მე?

ახლა მივხვდი, რომ “გარედან”, ანუ არა მაინც და მაინც ჩემი ფეისბუქიდან მოსული ადამიანი საერთოდ ვერ მიხვდება, ვინ ვარ მე, არადა ხომ შეიძლება მასაც ისევე აინტერესებდეს ავტორი, როგორც მე მაინტერესებს ტექსტის უკან მდგარი ადამიანები.

მე ვარ დოდი ხარხელი (კი, ნამდვილი სახელია, კი პასპორტში დოდი წერია, კი, ხარხელიც ნამდვილი გვარია, კი, ქართულია, კი, ყველა ამ კითხვებს მისვამს). ბევრი წლის წინ იმან, რომ ინტერნეტში ქექვა მიყვარდა, მაშინ ჯერ ახალი ცნების, “ახალი/სოციალური მედიის ექსპერტად” მაქცია. ამას დღემდე ვეძახი “უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენ”-მეთქი, თუმცა მერე სხვა ქვეყნების ძაღლებს შევხვდი და მივხვდი, რომ ჩვენი ქვეყნის კატები საერთოდ არაფრით ჩამორჩებიან და ხშირად უსწრებენ კიდეც ყველა სხვა ცხოველს.
სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგის, კონტენტ დეველოპმენტის შესახებ ჩატარებული ასობით ლექციის, ტრენინგის, ვორკშოპის, სემინარის პარალელურად ნამუშევარი მაქვს რამდენიმე მსხვილი და ბევრი არც ისე მსხვილი კომპანიის ონლაინ სახეზე, მქონდა საკუთარი კომპანიაც (ამის შესახებ აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს, რადგან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, რომელიც აქამდე არავისთვის გამიზიარებია). ვარ რამდენიმე საინტერესო პროექტის ავტორი და მონაწილე და კიდევ უფრო მეტს ვგეგმავ მომავალში. ამ მომენტში, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, ვარ ონლაინ მედია პორტალის, Chai Khana-ს პიარ მენეჯერი, Pink.ge-ს მთავარი რედაქტორი, სოციალური მედიის ტრენერი გამოძახებით,  ყველა ქალის გულშემატკივარი და ჩემი სამზარეულოს ტოპ მზარეული.

ჩემი პოვნა იოლია. დაკარგვა ცოტა რთული:
dodie
Facebook

Twitter
Linkdin
Mail

 

პროექტის ფეისბუქის გვერდი:  დროდადრო | Drodadro

Advertisements

4 thoughts on “რა არის “დროდადრო”?

  1. მეკიდევ მგონია რომ ამ ყველაფრით (პოდკასტები, წიგნები, სტატიები, რივიუები და ა.შ რაც დროის მენეჯმენტში გეხმარება) კიდევ უფრო მეტ დროს კარგავს ადამიანი :/

    დილის რიტუალს რაც შეეხება – მაღვიძარას გათიშვის შემდეგ, პირველი რასაც ვაკეთებ შაბათამდე დღეების თვლაა 😀

    Like

    • კი, გეთანხმები. ჩემი საყვარელი პროკრასტინაცია, როგორც წესი, არის იმის შესახებ კითხვა, როგორ დავძლიო პროკრასტინაცია :დ და ესეც ჩემი ჩელენჯია და მაგას ვცდილობ, რომ ამ ინფორმაციის მიღებიდან მის განხორციელებაში გადავიდე.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s