ახლა არ ვარ დარწმუნებული, რა ხდება სკოლებში, თუმცა საბჭოთა აღზრდიდან მოსწავლეების ორი ტიპი მახსოვს: “ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები” და ყველა დანარჩენი, რომელსაც ამ პოსტის ფარგლებში “მშრომელებს” დავარქმევ.
მე და ბევრი თქვენგანიც “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის” საპატიო იარლიყს ვატარებდით. “საპატიო” ალბათ უფრო ბრჭყალებშია ჩასასმელი, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ცოტა სიამაყით უსვამს ამას ხაზს და მასწავლებელიც ოდნავ ღიმილით გადააქნევს თავს მორიგ გაუმზადებელ დავალებაზე, თუმცა სემესტრის ბოლოს მაინც დაწერს კარგ ნიშანს. რატომ? იმიტომ, რომ სემესტრის მანძილზე მხოლოდ ერთხელ არის საჭირო მოინდომოს ამ “ნიჭიერმა, მაგრამ ზარმაცმა” იმისათვის, რომ მასწავლებლისთვის კარგი შედეგი დადოს: თემა დაწეროს, გამოცდა ჩააბაროს, კარგი პრეზენტაცია გააკეთოს, ოლიმპიადაზე გაიმარჯვოს, რომელიც სახელს გაუთქვამს სკოლას, მიიღებს პრიზს და ამით ის ავტომატურად დგება ყველა მშრომელზე მაღლა.
მშრომელებს კი სკოლაში, სადაც ერთჯერადი გამონათებები უფრო მეტად ფასობს, ასე არ უმართლებთ. ისინი კონსისტენტურები არიან, ყოველ დღე მეცადინეობენ, ყველა საკონტროლოს წერენ და მუდამ მზად აქვთ დავალება, თუმცა არასდროს ხდებიან პრიზის მფლობელები. ნმზ-ებისგან განსხვავებით, მათ იშვიათად პატიობენ იმას, რომ არ მოამზადეს დავალება და მიუხედავად იმისა, რომ ამდენს შრომობენ, “ზუბრიაჩკას” ტიტულს არ სცდება მათი შექება.
სკოლა მთავრდება, უნივერსიტეტშიც დაახლოებით იგივე სისტემაა. მხოლოდ ერთხელ არის საჭირო თავი დაამახსოვრო ნმზ-მ ლექტორს იმისათვის, რომ მერე ინერციით გაგყვეს კარგი შეფასებები. “საერთოდ არ მიმეცადინია, გუშინ გადავხედე მარტო” – შევიდეს გამოცდაზე და აუცილებლად მიიღოს გამსვლელი ქულა.
და მერე დგება დრო, როდესაც რეალობა გიტყაპუნებს სახეში. როცა ამ შენს ერთჯერად ნიჭიერებას იმხელა მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენადაც უნარს, ბევრი იმუშავო.
თქვენი არ ვიცი და მე ყოველდღე მწარედ მიტყაპუნებს სახეში ის შედეგები, რომლებიც ჩემთვის “ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცის” ცხოვრების წესიდან წამოვიდა.
ისინი, ვინც “ნიჭიერებით” ჩამოგვრჩებოდნენ, მაგრამ ბევრს შრომობდნენ, დღეს ნმზ-ებზე წინ არიან კარიერულ კიბეებზეც და პიროვნული განვითარების თვალსაზრისითაც იმიტომ, რომ მათ აქვთ ყველაზე ძლიერი იარაღი: კონცენტრაციის და ბევრი მუშაობის უნარი.
“ნმზ”-ები არ ვართ მიჩვეული ბევრ მუშაობას და კონსისტენტურობას. იმის გამო, რომ ერთჯერადი ნიჭიერობის გამო ბევრი რამე გვეპატიებოდა და ბევრი ნიშანი “მუქთად” გვეწერებოდა, ვერ გამოვიმუშავეთ ის მნიშვნელოვანი უნარი, როგორიცაა, მაგალითად, რამდენიმე საათი გულდასმით, გადაბმულად მუშაობა და არა ერთი ან ორი დღით, არამედ ყოველ დღე ან კვირაში 5 დღის მანძილზე მაინც. ნმზ-ებს შეგვიძლია ერთჯერადად კონცენტრაცია და დედლაინის წინა ღამის გათენება, თუმცა ყოველდღიური პატარ-პატარა კონცენტრაცია დედლაინამდე 1 თვით ადრე, რომელიც ღამის გათენებას თავიდან აგვარიდებდა, გვიჭირს.
პარალელურად გადის წლები და მალევე აღმოჩნდება, რომ არც ისეთი ნიჭიერები ვართ, რამდენადაც ზარმაცები და აღარც აბალანსებს ეს პლიუს-მინუსი ერთმანეთს. მართლა საოცრად ნიჭიერი ადამიანი ასი ათასში ერთია, რომელსაც შეუძლია არ იზრუნოს ამ ყველაფერზე, მაგრამ მე მაგალითად საერთოდ არ განვეკუთვნები გენიოსთა კატეგორიას და ესპანურს ვერ ვსწავლობ მხოლოდ რამდენიმე საღამოს მეცადინეობით (აქვე, ესპანურის და ბევრი სხვა ენის ნამცეც-ნამცეც სასწავლად ძალიან კარგი მობილური და ვებ აპლიკაციაა Duolinguo, თუ ვინმე ოცნებობდით რაიმე ენის ცოდნაზე, დღეში 10 წუთიც საქმეა, ცოტა ხანში წაკითხულიდან და მოსმენილიდან შინაარსის გამოტანას შეძლებთ).
ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ პრაქტიკულად ახლიდან მიწევს დოდის აღზრდა. თან ამას პარალელურად ჩემი 7 წლის შვილის აღზრდას ვუთავსებ, რომელიც თავისი ასაკისთვის მართლა ნიჭიერია, თუმცა ვიცი, რომ მას ცხოვრებაში ეს ხელს უფრო შეუშლის, ვიდრე დაეხმარება.
ლეიბლები
“შეძახილმა ხე გაახმოო” – მიყვარს ეს გამოთქმა. გულწრფელად მჯერა, რომ თუ დიდხანს უძახებ ადამიანს, რომ მატყუარაა, აუცილებლად დაიწყებს ტყუილებს, თუ ბევრჯერ იტყვი, რომ კიბო გაქვს, აუცილებლად დაგემართება.
ჩვენ ხშირად ბავშვებს ზუსტად ასე ვაპროგრამებთ: ვაწებებთ ლეიბლს, რომელსაც შემდეგ აუცილებლად მოირგებენ და “გახმებიან”, იმისთვის, რომ გაამართლონ.
ნეგატიური ლეიბლები უფრო იოლად ეწებება, ვიდრე პოზიტიური. “ცელქია”, “უზრდელი”, “მატყუარა”, “ცუდი”, “საძაგელი” – ყველა ბავშვი, ვისი თანდასწრებითაც ამ ზედსართავებს ხმარობენ, აუცილებლად ეცდება გაამართლოს ეს შეფასებები, რომლითაც ისევ იმსახურებს მსგავს შეფასებებს და ასე ტრიალებს დაუსრულებელ ციკლში. ხანდახან დიდ ასაკშიც ამოცნობადია, რა ლეიბლს აწებებდნენ ადამიანს ბავშვობაში.
“ზარმაცი”-ც ასეთი ლეიბლია, რომელიც გვეწებება. ვცდილობ, რომ არასოდეს არ დავალეიბლო ვილიამი და არ ვთქვა, რომ ზარმაცია. ამ ბლოგზე უკვე ბევრჯერ ვუწოდე საკუთარ თავს ზარმაცი და ამის წინააღმდეგაც ვებრძვი თავს: ვცდილობ ნეგატიური შეფასებები საკუთარი თავისადმი ამოვიღო და სხვანაირად გავუკეთო ფორმულირება.
ჩემი აზრით, მართლა ზარმაცი ადამიანი საკმაოდ იშვიათია. დაახლოებით ისე, როგორც “ცუდი ბავშვი” არის იშვიათობა. როდესაც ბავშვი რამეს აშავებს, ის ამით “ცუდი ბავშვი” არ ხდება, არამედ “ცუდი საქციელი ჩაიდინა”. გლობალურად ზარმაცი არავინაა, უბრალოდ რაღაც კონკრეტული გვეზარება ხოლმე და ხშირად სრულიად ლეგიტიმურადაც: საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება არ მეზარებოდეს იატაკის დაგვა ან დეტალური, გრძელი, მოსაწყენი რეპორტის წერა.
იმ ადამიანებისთვის, ვინც ნმზ კატეგორიაში არ არიან, ალბათ სასაცილოა ამ ყველაფრის კითხვაც კი. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ერთი საშუალო სირთულის საქმის გასაკეთებლად ადამიანს სჭირდებოდეს რამდენიმე ნაბიჯი: დაგეგმვა, ჯილდოს მოფიქრება, არშესრულების შემთხვევაში – სასჯელი, დროის დანიშვნა, სტიკერის მიწებება, ხელზე ჯვრის დასმა, ქულის დაწერა. და ბოლოს უშუალოდ საქმის გაკეთება. ამ ბლოგის გამო უკვე მითხრეს და აწიც ბევრჯერ მეტყვიან: “ამდენ მაიმუნობას, პირდაპირ რომ დაჯდე და იმუშავო, არა?!” და მე თქვენ ყველას გეუბნებით – კი, დიდი სიამოვნებით, ვოცნებობ იმაზე, რომ შემეძლოს უბრალოდ პირდაპირ დავჯდე და ვიმუშავო და არ მოვუგონო საკუთარ თავს ოცდაათი თამაში და არ დავუწესო თავს 20 შიდა დედლაინი იმისათვის, რომ მივაღწიო დასახულ გეგმებს.
და ბოლოს, პასუხი სათაურში გამოტანილ კითხვაზე: თუ მაინც და მაინც არ მოგწონთ ირგვლივ მყოფი რომელიმე ბავშვი და გინდათ, რომ მომავალში სხვებს ჩამორჩეს, აუცილებლად ყოველ დღე უთხარით, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი.